რა არის ნატურალური ღვინო?

მიუხედავად იმის, რომ ღვინის წარმოებაში ტერმინი ნატურალური/ბუნებრივი ღვინო ერთ-ერთ ყველაზე საკამათოდ მიიჩნევა, მისი იდეა ძალიან მარტივია: ნატურალური/ბუნებრივი არის ღვინის ყველაზე სუფთა ბუნებრივი ფორმა.

იმისთვის, რომ უკეთ გავიგოთ თუ რა არის ნატურალური ღვინო, ჯერ ღვინის დაყენების კომპლექსურ პროცესზე ვისაუბროთ.

 

დავიწყოთ ზოგადი კითხვით: რა არის ღვინო?

ძალიან მარტივად თუ ვიტყვით: ღვინო არის ყურძნის წვენი, რომელიც ფერმენტაციას განიცდის. ფერმენტაციის დროს ბუნებრივი საფუარი ყურძნის წვენის შაქარს ამუშავებს და მას ალკოჰოლად გარდაქმნის.

სამწუხაროდ, დღევანდელ მეღვინეობაში, ყურძნის წვენის გარდა კანონით 100-ზე მეტი დამატებითი ნივთიერებადაშვებული. ესენია: ხელოვნური მჟავები, ფერის, სურნელის თუ გემოს მიმცემი სხვადასხვა ნივთიერებები, ჟელატინი, ლაბორატორიაში გამოყვანილი საფუარი, ჭარბი რაოდენობის გოგირდი და მრავალი სხვა. ღვინის წარმოება უფრო მართული ქიმიის პროდუქტია, ვიდრე ბუნების და სწორედ ასეთი ღვინოები შეადგენენ სარეალიზაციოდ წარმოებული ღვინის 99%-ს.

რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ მსგავსი ჩარევის გარეშე კარგი ღვინის დასაყენებლად უდიდესი ძალისხმევაა საჭირო, ხოლო გზა ძალიან რისკიანია.

 

დავუბრუნდეთ კითხვას: რა არის ნატურალური ღვინო?

ნატურალურია ღვინო, რომელიც დამზადებულია მხოლოდ ყურძნის წვენისგან. ყურძნის, რომელიც არ არის შეწამლული მავნე ნივთიერებებით. ბუნებრივად მოყვანილი ყურძნის წვენი შეიცავს შაქარს, ველურ საფუარს და ფერმენტაციისთვის აუცილებელ ნებისმიერ სხვა ინგრედიენტს. მიუხედავად იმისა, რომ საუკუნეების განმავლობაში ღვინო სწორედ ამ მეთოდით მზადდებოდა, სამწუხაროდ ნატურალური ღვინო დღეს ძალიან იშვიათია.

ღვინის ნატურალური გზით დაყენება იმდენად რთული და ხშირად არაპროგნოზირებადი პროცესია, რომ ბევრს არ ჰყოფნის ამის შემართება და გამბედაობა. საბედნიეროდ, მოთხოვნა ნატურალურ ღვინოზე მთელ მსოფლიოში სულ უფრო იზრდება, მეტი და მეტი მეღვინე მიმართავს ღვინის წამოების ბუნებრივ მეთოდს.

 

რაც შეეხება გემოს:

ჩვენთვის ბუნებრივი ღვინო ხასიათდება სიტყვებით: აუთენტური და ცოცხალი. თითოეული ბოთლი განსხვავებული და უნიკალურია. ნატურალური ღვინოები ასახავენ ადგილმდებარეობას, წელს და რაც მთავარია მათ შემქმნელ ადამინებს.

ერთი “დაფიქრებული” დაგემოვნებაც კი საკმარისია ნატურალური ღვინის ბუნებრივად ინტენსიურ, ცოცხალ და ხანდახან ცოტა ველურ გემოსთან დასამეგობრებლად. გპირდებით, უკან აღარასდროს მოიხედებით!